მანქანა პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფელის, დუისის შესასვლელში გავაჩერე. გზას ფეხით ვაგრძელებ - მინდა ადგილობრივებს გამოველაპარაკო. ქუჩაში ხალხი მიდი-მოდის, ზოგი სოფლის ჭასთან წყლის დასალევად ჩერდება, ზოგი სადღაც მიიჩქარის. თუმცა, ყველა მამჩნევს და ინტერესით მათვალიერებს, როგორც ჩანს, მაინც მეტყობა, არადა ძალიან ვცდილობდი პანკისში პირველსტუმრობა არ შემმჩნეოდა.
ქუჩის გადაღმა პატარა შენობაა, ახალაშენებული, ჰიჯაბიანი ქალები შედიან და გამოდიან. ვფიქრობ, რაღაც დაწესებულება უნდა იყოს, მაგრამ შენობას წარწერა არ აქვს. ფანჯრიდან რამდენიმე დაინტერესებული ჰიჯაბიანი თავი გამოჩნდა, თუმცა მალევე მიიმალა. იქვე, გვერდით პურის საცხობია, გზის მხარეს პატარა ფანჯარა აქვს მყიდველისთვის. ორი ქალი მუშაობს. ერთი ოთახის შუაგულში თონეს უტრიალებს, მეორე ფანჯარასთან ფუსფუსებს. თონის უკან თაროზე ახლადგამომცხვარი პური მადისაღმძვრელად აწყვია. მარჯვნივ, კარებთან დიდი, ძველებური გამორთული ტელევიზორი დგას. კარგი იქნებოდა ჩართული ყოფილიყო- გავიფიქრე ჩემთვის. ვნახავდი, პანკისელები რას უყურებენ, აქ ხომ მათთან მედიაზე სასაუბროდ ჩამოვედი. არა უშავს, პირდაპირ ვკითხავ, ჩავილაპარაკე ჩემთვის და მივესალმე. ქალები ცოტა ხნით საქმეს სწყდებიან და სალამზე კოპებგაუხსნელად მპასუხობენ, თუმცა გადაღებაზე უარს მეუბნებიან.
ესეც ჩემი პირველი მარცხი ჟურნალისტის ამპლუაში. ჩამოვედი, რომ ადგილობრივებისგან მომესმინა ის შენიშვნები, რაც მათ შესახებ მომზადებულ გადაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან აქვთ, მე კი პირველივე მცდელობაზე უარი მივიღე. ცოტა შიში მიპყრობს, მარტივი არ ყოფილა ინტერვიუზე ადამიანების დათანხმება.